პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო ბანერი, პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით იყო შერჩეული. როგორც ინაშვილი განმარტავს ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ წარწერით "sos"
"ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos!...
მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ეს იყო!",-წერს ინაშვილი Facebook გვერდზე.
ინაშვილი ბანერს მტრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, "100%-ით სანდო და საწრმუნო წყარომ", მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ სააკაშვილმა და ბოკერიამ იმ პირებს, ვინც პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ, 50 000-დან 1 000 000 ლარის ზემოთ თანხა შესთავაზეს.
"ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა. ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!",-წერს ინაშვილი.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.
თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".
ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის ბანერები ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
იქამდე კი გონიოში ლელოს წევრებმა უკვე ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის 1 ანალოგიური ბანერი.